მომავლის 5 რევოლუციური ტექნოლოგია



ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მომავალში, თუმცა ამას ვერ ვამჩნევთ. გვაქვს ტრანსპორტი, რომლითაც შეგვიძლია დიდი სიჩქარის განვითარება, ფრენა და რამდენიმე საათში დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა, განვითარებული მედიცინა, მაგალითად ნეიროქირურგია და რთული ორგანოების წარმატებით და დეფექტების გარეშე გადანერგვის უნარი. შეგვიძლია ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მდებარეობს ათასობით კილომეტრს იქით. შეგვიძლია ვითამაშოთ სმარტფონით, რომლითაც ვიღებთ მაღალი ხარისხის ფოტოებს და ვიდეოებს. გვაქვს დიდი ადრონული კოლაიდერი, ინტერნეტი, რომელიც წამის მეათედში გვაძლევს წვდომას მთელი მსოფლიოს ცოდნასთან. შეგვიძლია გავფრინდეთ კოსმოსში და შევისწავლოთ შორეული გალაქტიკები( მაგალითად ჰაბლის საშუალებით ).

ადრონული კოლაიდერი

 

XVIII საუკუნის რომელიმე ფუტუროლოგს რომ ეწინასწარმეტყველა დღევანდელი ტექნოლოგიები, მას ყველა გიჟად ჩათვლიდა და დეტალურად აუხსნიდნენ, თუ რატომაა შეუძლებელი ასეთი ტექნოლოგიების რეალიზება. თუ თქვენც სკეპტიკი ხართ და გჯერათ, რომ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს საზღვარი აქვს, მაშინ ჯობია არ გააგრძელოთ კითხვა იმიტომ, რომ სტატიაში მოყვანილია 5 ყველაზე ფანტასტიკური ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ნამდვილად მოახდენს რევოლუციას.

 

— 5 —

წარმოიდგინეთ ტექნოლოგია, რომელიც შეძლებს პირდაპირ ეკრანზე გადაიტანოს თქვენი ფანტაზია. დავარქვათ მას ვიზუალიზატორი, ეს არის მაღალტექნოლოგიური ნეიროკომპიუტერი, რომელიც კითხულობს თქვენს აზრებს და აგზავნის მონიტორზე ვიდეო ფორმატად. მაგალითად, წარმოიდგინეთ რომელიმე ცხოველის რაიმე მოქმედება, ვიზუალიზატორი კი აგზავნის ეკრანზე თქვენს წარმოდგენასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ ვიდეო გამოსახულებას. ფანტასტიკურად ჟღერს და ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ტექნოლოგია ოდესმე იარსებებს, თუმცა უკვე მიმდინარეობს პრიმიტიული მცდელობები მსგავსი ნეიროკომპიუტერის შექმნაზე, შეიძლება 100 წელზე მეტიც დასჭირდეთ იდეალური ვიზუალიზატორის შექმნისთვის თუმცა, როდესაც მას შექმნიან ეს იქნება ახალი ნაბიჯი მედია ინდუსტრიაში.

 

მუსიკოსებს აღარ დასჭირდებათ ისწავლონ რთული კომპიუტერული პროგრამები. საკმარისი იქნება მათი მუსიკალური ფანტაზია, რომ მუსიკა მზად იყოს მსმენელისთვის.

ვიზუალიზატორი შეძლებს ჩაიწეროს თქვენი სიზმრები დილით კი შეგეძლებათ ნახოთ რა დაგესიზმრათ, ეს დაეხმარება ფსიქოლოგებს თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაანალიზებაში.

 

კინოს შემქმნელებს აღარ დასჭირდებათ ხარჯონ გრანდიოზული თანხები სპეცეფექტებზე. თუ ეს ტექნოლოგია იქნება ხალხისთვის ხელმისაწვდომ ფასად ( ფასები კი ადრე თუ გვიან ყოველთვის იკლებს ) , მაშინ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს რამდენიმე დღეში შექმნას მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რომლის შექმნასაც დღეს 3-4 წელი და რამდენიმე მილიონი დოლარი დასჭირდებოდა. მთავარია გქონდეთ წინასწარ მომზადებული სიუჟეტი და ფანტაზიის უნარი.

ეს გამოიწვევს რევოლუციას კინოინდუსტრიაში, ყველა ატვირთავს ფილმებს იუთუბზე თუმცა, პოპულარული რათქმაუნდა მხოლოდ ისინი გახდებიან ვინც მართლა ხარისხიან ფილმს შესთავაზებს მაყურებელს.

კვანტური პროცესორი

 

ბევრი იფიქრებთ, რომ ეს ტექნოლოგია არარეალურია რადგან ადამიანების უმეტესობას შეუძლია წარმოიდგინოს მხოლოდ ნაწყვეტი მოვლენები და არა სრული სურათი, ეს მართლაც, რომ ასეა თუმცა შეძლებენ ამოშალონ, დაამატონ ან დაარედაქტირონ ნებისმიერი მომენტი, ფანტაზიის პირდაპირ ეკრანზე ტრანსლიაციის დახმარებით. რათქმაუნდა ამას დასჭირდება ძალიან ძლიერი კომპიუტერული დანადგარები თუმცა, ძლიერი მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან ( როგორც იცით მიმდინარეობს კვანტური პროცესორების გამოშვებაზე და გაუმჯობესებაზე მუშაობა და ვინ იცის, ვიზუალიზატორის შექმნის პერიოდში რა წარმატებას მიაღწევენ ). 

 

— 4 —

ნანოასემბლერი — წარმოიდგინეთ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დაშალოს ნებისმიერი ნივთიერება და მიღებული ატომებისგან, ააწყოს ნებისმიერი სირთულის კონსტრუქცია შეყვანილი ინსტრუქციის მიხედვით. ეს სასწაულად მოეჩვენებათ მათ, ვინც არ იცის, რომ სამყაროში არსებული ყველა მატერიალი შედგება პროტონებისგან, ნეიტრონებისგან და ელექტრონებისგან. ამავდროულად არსებობს ბიოლოგიური მიკროასემბლერი, რომელიც ბუნებამ უკვე დიდიხანია შექმნა — რიბოსომა, მას შეუძლია მიღებული ნივთიერებები დაშალოს ატომებად და გადააწყოს ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებად. ამიტომ მთავარია ადამიანმა შეძლოს ნანოასემბლერის შექმნა, რომელიც შეძლებს ატომების საშენ მასალად გამოყენებას და ამით მოახდენს რევულუციას ეკონომიკაში და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში.

ეს ტექნოლოგია შეძლებს, დედამიწაზე შიმშილის ლიკვიდაციას. გავანადგურებთ მარცვლოვანის და სხვა პროდუქტების პლანტაციებს იმიტომ, რომ მათში საჭიროება დაიკარგება. ნანოასემბლერის წყალობით შევძლებთ ვაწარმოოთ ბუნებრივად სუფთა პროდუქტი, ხოლო პლანტაციების ადგილზე შევძლებთ დავასახლოთ ადამიანები, ასეთი გზით შესაძლებელი გახდება დედამიწაზე ასობით მილიარდი ადამიანის ცხოვრება.

 

შეწყდება ცხოველების სასტიკი ხოცვა ხორცის და ტყავის გამო, ხეების გაჩეხვა ხის მასალის გამო. ნანოასემბლერი შეძლებს დედამიწაზე ომების შეჩერებას, რადგან ომები ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით იწყება. აზრი დაეკარგება ნავთობის და სხვა რესურსების მოპოვებას, დაიხურება ქარხანები და უამრავი ხალხი დარჩება უმუშევარი თუმცა, შიმშილით სიკვდილი არავის ელის, რადგან საჭმელი ყველგან იქნება და შეუზღუდავი რაოდენობით, ეს გამოიწვევს ადამიანის თავისუფლებას სამსახურისგან, რომელზეც მხოლოდ იმიტომ დადიოდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. კაცობრიობას გამოუჩნდება უამრავი თავისუფალი დრო და ადამიანი შეძლებს არსებობის ნაცვლად ცხოვრებას, შეძლებენ დაკავდნენ იმით რაც უყვართ და არა იმით რისი კეთებაც უწევდათ ფულის შოვნის გამო.

 

ეკონომიკა რადიკალურად შეიცვლება, ფულის ფასი საგრძნობლად შემცირდება და შეიძლება კაცობრიობამ საერთოდ უარი თქვას მასზე. შეუძლებელი გახდება რამის ყიდვა ან გაყიდვა, მაგრამ ჩნდება კითხვა: ვინ დაასუფთავებს ეზოებს ან წაიღებს ნაგავს სანაგვეზე? — ნანოასემბლერის შექმნის პერიოდში რობოტები ფანტასტიკიდან უკვე რეალობად ქცეული იქნება ასე, რომ მათთვის საქმე საკმარისად გამოჩნდება.

ძალიან ძვირი ჯდება სხვა პლანეტებზე საჭირო საკვების და ნივთების ტრანსპორტირება, ნანოასემბლერი ამაშიც ძალიან დაგვეხმარება, წარმოიდგინეთ საკმარისია ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ნებისმიერი რამ დაამზადო რაც საჭირო იქნება პლანეტის კოლონიზაციისთვის.

 

ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა თუმცა, პრობლემა ისევ ადამიანში რჩება. უამრავი ადამიანი დაკარგავს ცხოვრების აზრს და დაიწყებენ უმაქნის ცხოვრებას თუმცა, ვიმედოვნებ იმდროისთვის მასების ინტელექტი და აზროვნება სხვა დონეზე იდგება და დაიწყებენ პიროვნულ განვითარებაზე და საკუთარი თავის სრულყოფაზე ფიქრს, ეს შეიძლება ადამიანის კრედოდ იქცეს, სამწუხაროდ შორეულ მომავალში.

 

 

— 3 —

ნანორობოტები — მათ სხვანაირად ნანიტებსაც უწოდებე, ისინი შეძლებენ, აღმოფხვრან ადამიანის ცხოვრებიდან ყველა დაავადება და საგრძნობლად გაზარდონ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ნანორობოტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ვარაუდობენ, რომ პირველი ვერსიები შემდეგ ათწლეულში უკვე შეძლებენ, ადამიანის ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერებების დანიშნულ ადგილზე მიწოდებას ნანიტების საშუალებით. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მომავლის ნანიტებზე, რომლებსაც ნანოასემბლერის ფუნქციებიც ექნება. მართალია ასეთი ნანიტების შექმნაზე კაცობრიობამ შესაძლოა ასობით წელი დახარჯოს თუმცა, მათი შექმნის შემდეგ ადამიანის ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება.

 

ჯანმრთელობის პრობლემები, ონკოლოგიური და გენეტიკური დაავადებები ან დეფექტები წარსულს ჩაბარდება, მათ შორის სიბერეც, რომელიც ადამიანის დაუმარცხებელი დაავადებაა. მეცნიერები ასახელებენ ორგანიზმის დაბერების მრავალ მიზეზს: დედამიწის რადიაციული ფონის გამო დნმ_ში დროთაგანმავლობაში მომხდარი შეცდომები, ტელომერაზას შემცირება და სხვა. მაგრამ თუ ნანორობოტებს მივანდობთ დნმს მაშინ, აღარ იარსებებენ დეფექტური ადამიანები. ყველა იქნება ლამაზი და ახალგაზრდა, ეს გამოიწვევს კაცობრიობის ფასეულობების რადიკალურ ცვლილებას. ძნეილია შეინარჩუნო ძველი ფასეულობები, როდესაც 70 წლის ნაცვლად 10 000 წელი ცხოვრობ.

ადამიანები შეძლებენ აითვისონ შორეული კოსმოსი. ასობით წელიც კი, რომ მოანდომონ შორეულ პლანეტებამდე მოგზაურობას, ეს დრო უმნიშვნელო იქნება მათთვის.

ყველა პლიუსის მიუხედავად არც თუ, ისე ცოტაა ამ ტექნოლოგიის შექმნის წინააღმდეგი. ისინი ფიქრობენ, რომ ბოროტმოქმედებმა შესაძლოა დააპროგრამონ ნანიტები ულიმიტო რეპლიკაციაზე ( თავისი მსგავსი ნანიტების შექმნაზე ), რაც გამოიწვევს დედამიწის განადგურებას. ნანიტები გამოიყენებენ ნებისმიერი მატერიალის ატომებს რეპლიკაციისთვის. თუ ერთი ნანიტი აწყობს თავისნაირს წამის მეათასედში მაშინ, რამდენიმე დღეში, მათი საერთო მასა მზის სისტემაში ერთად აღებული ყველა პლანეტის მასას გადააჭარბებს ამიტომ, საჭიროა დაცვის სისტემა, რომელიც ღილაკზე ხელის დაჭერით გაანადგრუებს ყველა ნანიტს. მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ მსგავსი საშიშროება ზედმეტად გადაჭარბებულია.

ნანიტების რეპლიკაციის უნარის გამოყენება საკეთილდღეოთაც შეიძლება. გამოვიყენოთ ისინი, როგორც გლობალური ნანოასემბლერი, მაგალითად: დავაშლევინოთ დიდი მთები ატომებად და ამ ატომებით ავაშენებინოთ ქალაქი, მთების ადგილზე ან გავუშვათ ისინი სხვა პლანეტაზე, მაგალითად ვენერაზე, რათა მის ატმოსფეროს გაუკეთონ რე-სინთეზირება და ნახშირორჟანგი აქციონ ჰაერად, რომლითაც შევძლებთ სუნთქვას.

 

— 2 —

ვირტუალური რეალობა — სრული იმერსიით, რომელიც გვაჩუქებს ტაქტილურ შეგრძნებებს. მოგვცემს შესაძლებლობას ვირტუალურ რეალობაში, ვიგრძნოთ სუნი, ტემპერატურა და გემო. ამ ტექნოლოგიის რეალიზება, სხვადასხვა ხერხით შეიძლება, მაგალითად: ნეირო ჩაფხუტის მეშვეობით ან სპეციალური ნანორობოტების დახმარებით, რომლებიც მინიმალური ინვაზიური პროცედურით მოხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, მიუერთდებიან ჩვენს ნეირონულ სისტემას და შეძლებენ აკონტროლონ მხედველობის, სმენის და სხვა გრძნობების ორგანოები.

თუმცა, რომელი ხერხით მივაღწევთ ამ ტექნოლოგიას, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის თუ, რისი მიცემა შეუძლია სრული იმერსიის ვირტუალურ რეალობას კაცობრიობისთვის.

ვირტუალურ რეალობაში ინვალიდები შეძლებენ სრულფასოვან ცხოვრებას, ყრუ-მუნჯები შეძლებენ ხმების გაგებას, ბრმები დანახვას, პარალიზებული ადამიანები კი მოძრაობას თუმცა, ამ ტექნოლოგიის ეპოქაში ინვალიდები არ იარსებებენ.

 

ადამიანებს აღარ მოუწევთ სახლიდან გასვლა სამსახურში, სკოლაში ან შეხვედრაზე წასავლელად. მათ შეეძლებათ უბრალოდ დაჯდნენ დივანზე და შევიდნენ ვირტუალურ რეალობაში. შეძლებთ მიხვიდეთ მეგობრის დაბადების დღეზე დივანიდან ადგომის გარეშე, დალიოთ სასმელი და იგრძნოთ მისი გემო ზუსტად ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

 

ამ ტექნოლოგიის მთავარი აზრი კი ალბათ ვიდეო თამაშები იქნება, რომელიც ყოველ დღე გვაჩუქებს წარმოუდგენელ განცდებს და თავგადასავლებს. დღეს შეძლებთ ინადიროთ დრაკონებზე, ხვალ იფრინოთ მათზე ამხედრებული ერთ კვირაში კი ითამაშოთ ფეხბურთი გრანდიოზულ სტადიონზე მეგობრებთან ერთად.

 

იდეალური ვირტუალური რეალობა ჩაითრევს პლანეტის ძირითად მოსახლეობას, და მათი რეალური ორგანიზმი დაზიანდება ამით და ზუსტად ამ დროს დაგვჭირდება ნანორობოტები, რომლებიც არ მისცემენ ორგანიზმს დაზიანების საშუალებას.

როგორც არ უნდა შეხედო, ვირტუალური რეალობა ძალიან შეცვლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ისინი შეძლებენ იყვნენ სადაც უნდათ და როცა უნდათ, როგორც უნდათ ისე შეცვლიან სხეულის მონაცემებს ვირტუალურ ნირვანაში.

 

— 1 —

ხელოვნური სუპერ ინტელექტი (Artificial Superior Intelligence) — მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ტექნოლოგია, მასთან შედარებით ყველა ის ტექნოლოგია რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ არის უვარგისი ხარახურა. სწორედ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირებენ ტექნოლოგიურ სინგულარობას, მომენტს როდესაც 24 საათის განმავლობაში გაკეთდება მეტი აღმოჩენა და შეიქმნება მეტი ტექნოლოგია ვიდრე, კაცობრიობამ მთელი თავისი არსებობის მანძილზე შეძლო.

 

ხელოვნური სუპერ ინტელექტი შეძლებს შეასრულოს ადამიანების ყველა სურვილი. მომენტალურად იპოვის შიმშილის პრობლემის გადაჭრის გზებს, აღმოაჩენს ათასობით გზას ადამიანის უკვდავებისთვის, ამოხსნის სამყაროს შექმნის და სიცოცხლის საიდუმლოს, მოგვცემს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლის წარმოდგენაც დღეს გაგვიჭირდება.

 
ხელოვნური სუპერ ინტელექტი ეს არის, ბოლო გამოგონება, რომელიც ადამიანმა უნდა შექმნას. მაგრამ, როგორ შევქმნათ ასეთი ჭკვიანი ტექნოლოგია? — საკმარისია, შევქმნათ მანქანა საკუთარი ინტელექტით და განვითარების უნარით. ამ შემთხვევაში, ის ერთ კვირაში უკვე იქნება 10_ჯერ უფრო გენიალური, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, შემდეგ ერთ დღეში უკვე 1000_ჯერ ჭკვიანი, 15 წუთში კი მილიონჯერ გენიალური და ჭკვიანი ნებისმიერ ადამიანზე, ამ ქმნილების გონება იქნება ღმერთთან მიახლოვებული.

ბევრი ოპტიმისტი ფუტუროლოგი ვარაუდობს, რომ მსგავსი ტექნოლოგია შეიძლება შემდეგი 50 წლის მანძილზე შეიქმნას, ამ შემთხვევაში ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ნანოფაბრიკა, ნანიტები და ვირტუალური რეალობა ბევრად უფრო მალე შეიქმნება ვიდრე ველოდით. თუ, რათქმაუნდა ეს ტექნოლოგიები აქტუალური იქნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. მას შეუძლია მოგვცეს ბევრად მეტი ვიდრე ეს ტექნოლოგიებია, მას შეუძლია დაგვასაჩუქროს ღმერთების შესაძლებლობებით. მაგრამ შეუძლია მომენტალურად გაანადგუროს ადამიანების მთელი ცივილიზაცია, და აქ ვდგებით რთული გადაწყვეტილების წინაშე შევქმნათ თუ არა ის? თუმცა ადამიანის ნატურა ასეთია: თუ შეუძლია რამის შექმნა, ის აუცილებლად შექმნის მას.

 


 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოყვანილი ტექნოლოგიებიდან არცერთის შექმნა არ არის რეალური, რადგან ისინი მსოფლიოს აქცევენ უტოპიად და თქვენი აზრით უტოპიის არსებობა შეუძლებელია მაშინ გახსოვდეთ, რომ XVIII საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს, დღევანდელი რეალობა მოეჩვენებოდა აბსოლიტურად უტოპიურ და არარეალურ მსოფლიოდ თუმცა, თქვენ ხომ ცხოვრობთ მასში?



სტიმული ავტორს მკითხველისგან



3793
2016-10-27


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.